პერუს პოლიციამ ორი ტონა კოკაინი ამოიღო. მასშტაბური ოპერაცია წყნარ ოკეანეში, ლათინური ამერიკის ქვეყნის სანაპიროსთან ახლოს ჩატარდა.
ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ცნობით, სატვირთო გემზე არსებული კოკაინი ჯერ მექსიკის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტანათ. დანიშნულების საბოლოო წერტილი კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
რეიდის დროს პოლიციამ საქმეში ეჭვმიტანილი რვა პირი დააკავა. მათ შორის ხუთ გემზე იმყოფებოდა. დანარჩენი სამი კი, პოლიციამ კონტინენტზე ჩატარებული ოპერაციის დროს აიყვანა.
პერუს სამართალდამცავი უწყების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება საშუალოდ 47 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების იყო.