პერუს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა რომის პაპის ვიზიტს არ შეაფერხებს
პერუს ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ ქვეყანაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და საცხოვრებელი სახლების ნგრევა გამოიწვია, რომის პაპის ვიზიტს არ შეაფერხებს.
პერუს ფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი არეკიპის რეგიონში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
სანტიაგო ნეირას პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა.
პერუში მიწისძვრა კვირას საღამოს მოხდა. გამოცხადდა ცუნამის საშიშროება, რომელიც მოგვიანებით მოიხსნა.