პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს სწავლობენ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს სწავლობენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მიმართვების საფუძველზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებს სწავლობენ, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო მომართვათა ის ნაწილი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის სამართალდამცველ ორგანოში გადაიგზავნა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება.

ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფარგლებში ზარების ინიციატორების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა მუქარა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მომართვების ხსენებული ნაწილი სამსახურის მიერ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში.

რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ, ასევე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად შესწავლისთვის აუცილებელი სხვა ქმედებები.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ, სამსახურს წარმოუდგინონ განმარტებები სატელეფონო ნომრების მოპოვებისა და გამოყენების გზების, სამართლებრივი საფუძვლის და მიზნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, სამსახური მიმართავს ამავე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, დააკისრებს დამრღვევ პირებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს“, – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.