პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, 2024 წელს, სახელმწიფოს ისტორიაში პირველად, მორიგი საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული საშუალებებით ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

„პოლიტიკური შეხედულებების თაობაზე ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავება კი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მაღალი სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

2024 წლის პირველი მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. ის არსებით ცვლილებებს ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების დამუშავების სხვადასხვა პროცესისთვის, ახლებურად განსაზღვრავს მონაცემების კონფიდენციალურობის სტანდარტებს და მათ დასაცავად პროაქტიულად მისაღებ ზომებს.

არჩევნების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები. გამონაკლისს არც ელექტრონული არჩევნები წარმოადგენს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ წინმსწრებად გაანალიზდა საარჩევნო პროცესი, სენსიტიური პერსონალური მონაცემების, ბიომეტრიისა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ავთენტიფიკაციის პროცესში ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის სახელმძღვანელო რეკომენდაცია,  ასევე, არჩევნების დამკვირვებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში გასცნობოდა ელექტრონული ტექნოლოგიების სპეციფიკურ მახასიათებლებს, მათი საშუალებით არჩევნების ორგანიზების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ასევე, მონაწილეობა მიეღო იმიტირებულ ელექტრონულ არჩევნებში.

სამსახურმა მოამზადა ამომრჩევლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც, ნორმატიული ხასიათის ინფორმაციის გარდა, ასევე შეიცავს სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებს, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო პროცესში მათი პერსონალური მონაცემების დაცვას“, – აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციაში.