პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 250-ზე მეტ საჯარო მოხელეს ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები გააცნო
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შეხვედრების სერია სახელწოდებით „საუბრები ახალ კანონზე“ დაიწყო.
პირველი მასშტაბური შეხვედრა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა გახსნა.
„ახალი კანონის იმპლემენტაციის შედეგად გაიზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი, დაიხვეწება კანონმდებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმები“, – განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან სიახლეებს, როგორებიცაა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი ინციდენტის განსაზღვრის კრიტერიუმები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების წესი.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საჯარო უწყებების წარმომადგენელთა შეკითხვებს საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთი კრაწაშვილმა და გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო შამუგიამ უპასუხეს.
შეხვედრას საჯარო სექტორის 250-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კანონის შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს.