პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ინსტიტუციურ განვითარებაზე საკუთარ ხედვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს ხვალ გადაუგზავნის
ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ინსტიტუციურ განვითარებაზე საკუთარ ხედვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს ხვალ გადაუგზავნის.
კომიტეტების თავმჯდომარეებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა.
ჟურნალისტებთან საუბარში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ლელა ჯანაშვილმა საკუთარი ხედვის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ახალი კანონის მიღება. ფუნქციურ გაძლიერებაში რეგიონულ დაფარვას მოვიაზრებთ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის რეგიონული ოფისების შექმნა მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, რაც პირველად მოხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ინსტიტუტის ფარგლებში. აჭარის რეგიონში გაიხსნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობა და ჩვენი ფილიალი იქნება. ქვეყანას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება სჭირდება. ვფიქრობთ, რომ სამსახურის ახალი სტრატეგიით მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა. ასევე შეგრძნება იყოს, რომ მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცულია. მოქმედი კანონის ფარგლებშიც ბერკეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კუთხით უფრო მეტი ბერკეტი იქნება“, – განაცხადა ჯანაშვილმა.