პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში შარშან სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებაზე მოსამართლის 699 განჩინება შევიდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში შარშან სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებაზე მოსამართლის 699 განჩინება შევიდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში 2017 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის დაწყების, გაგრძელების, დაკანონების, ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და უარის შესახებ მოსამართლის 699 განჩინება შევიდა, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა დანაშაულის გამოძიების ინტერესსა და პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას შორის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ახლებურად მოწესრიგდა ფარული ელექტრონული თვალთვალის ტექნიკური ინფრასტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 30 მარტის შემდგომ ფარული სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებისა და ჩაწერის დაწყებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წინასწარი თანხმობის მიღება საჭირო აღარ არის, აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების უფლებას სსიპ “ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო” მოიპოვებს მხოლოდ განჩინებისა და დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის ინსპექტორისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2017 წლის აპრილიდან, ინსპექტორის აპარატის უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მიმდინარე პროცესს.

„აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორის დადგენილებით დაწყებული სატელეფონო საუბრის მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ 2017 წლის განმავლობაში შემოსული დოკუმენტების რაოდენობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის დადგენილებით ამ სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყება/ჩატარების რაოდენობა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ფარული საგამოძიებო მოქმედების – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 2017 წლის 31 მარტამდე ახორციელებდა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე ელექტრონული თანხმობის გაცემით. 2017 წლის 31 მარტამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინსპექტორის აპარატის მხრიდან ოთხ შემთხვევაზე არ გაიცა თანხმობა. 2017 წლის 22 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა უფლებამოსილება, შეაჩეროს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის მიმდინარეობა, თუ აპარატში წარდგენილი არ არის მოსამართლის განჩინება ან პროკურორის დადგენილება ელექტრონული ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით, ან თუ ელექტრონული და მატერიალური სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, ან/და შეიცავს ბუნდოვანება-უზუსტობას. 2017 წლის აპრილიდან შეჩერების მექანიზმი გამოყენებულ იქნა 21 განჩინების/დადგენილების შემთხვევაში. შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ კი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა.

ამავე ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებიდან, 2017 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ყველაზე ნაკლები რაოდენობით კი, ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების შესახებ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება განხორციელდა. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომლის თანახმად, წინა წელთან შედარებით ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის მიზნით დაყენებული შუამდგომლობების რაოდენობა შემცირებულია.

2017 წლის ანგარიშის თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, საგამოძიებო მოქმედების დაწყების შესახებ ინსპექტორისთვის წარდგენილი კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე პროკურორის დადგენილებების რაოდენობა შემცირებულია და ძირითადად, კომპიუტერული მონაცემების მოპოვება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხდება.

2017 წელს, ასევე,  განხორციელდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით რამდენიმე პირის/მონაცემთა სუბიექტის მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შემოწმების შედეგად, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ დადგინდა.