ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესება იგეგმება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესება იგეგმება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმების დაწესება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.

პროექტის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, კანონპროექტით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას: სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში – 5000 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში – 2000 ლარის ოდენობით; უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის/გამოტანილი დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება და ა.შ.