პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს [ზიზიულასი] საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

აღნიშნული წოდება მას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა.

ცერემონიაზე მიტროპოლიტი იოანე წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.

მიტროპოლიტი იოანე თანამედროვეობის თვალსაჩინო მართლმადიდებელი თეოლოგი და საეკლესიო მოღვაწეა. მან განათლება მიიღო ათენის უნივერსიტეტში, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში და ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც მის სადოქტორო კვლევას ხელმძღვანელობდა XX საუკუნის დიდი მართლმადიდებელი თეოლოგი გიორგი ფლოროვსკი.

სხვადასხვა წლებში მიტროპოლიტი იოანე იყო გლაზგოს, ედინბურგის, ლონდონის სამეფო კოლეჯის, სალონიკისა და ჟენევის უნივერსიტეტების პროფესორი.
1986 წლიდან არის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პერგამონის მიტროპოლიტი.

1993 წლიდან არის საბერძნეთის უმაღლესი სამეცნიერო ორგანოს, ათენის მეცნიერებთა აკადემიის აკადემიკოსი; იყო ამავე აკადემიის პრეზიდენტი.

მიტროპოლიტი იოანე არის პარიზის წმ. სერგის ინსტიტუტის, მიუნსტერის, ბელგრადის და სხვ. არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 20-ზე მეტი წიგნისა და 300-ზე მეტი სტატიის ავტორი, მისი ნაშრომები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

ნაყოფიერი საეკლესიო და აკადემიური მოღვაწეობის აღსანიშნად, მიტროპოლიტ იოანეს მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო წოდება და ჯილდო.