პენტაგონში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა
პენტაგონში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიურად დარეგულირების ინტერესს.
„პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში: ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, – დასძინა პენტაგონის სპიკერმა.