პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა სავარაუდოდ ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი დაკარგა და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი
რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა.
„პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი.
როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში რამდენჯერმე აღემატება საბჭოთა კავშირის დანაკარგებს ავღანეთში.
„პუტინი ამ ომზე უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნის განადგურების მცდელობით წავიდა. მან წარუმატებლობა განიცადა და ეს არ შეიცვლება. სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა გადარჩება“, – განაცხადა კოლინ კალიმ.
ამასთან, როგორც კოლინ კალი აღნიშნავს, აშშ-ის ადმინისტრაცია არ ცდილობს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მიზნით და რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებით იქნება მზად, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ვუბიძგოთ უკრაინელებს მოლაპარაკებისკენ იქამდე, ვიდრე ისინი მზად იქნებიან. ეს არის იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ ძალის პოზიციიდან, როდესაც ისინი მზად იქნებიან ამისთვის“, – აღნიშნა კალიმ.
როგორც ამერიკელი მაღალჩინოსანი პროგნოზირებს, ზამთრის დადგომასთან ერთად გართულდება ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩატარება და საბრძოლო მოქმედებების ინტენსიურობა დაიკლებს, რაც დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობა იქნება.