პენტაგონმა ვაშინგტონის ოლქში 1600 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა.
როგორც აშშ-ის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე ქვედანაყოფები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალაქო ხელისუფლების მხარდამჭერ ოპერაციაში ჯერ არ არიან ჩართულები.
პენტაგონის წარმომადგენელ ჯონათან ჰოფმანის თქმით, სამხედროები ამჟამად კოლუმბიის ოლქის სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში უკვე კვირაზე მეტია, გრძელდება პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები. 2 ივნისს ათასობით ადამიანი მონაწილეობდა აქციაში ჰიუსტონში. სწორედ ამ ქალაქში დაიბადა ჯორჯ ფლოიდი, რომლის გარდაცვალებასაც აშშ-ის მასშტაბით დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.
46 წლის ფლოიდი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს დაიღუპა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი კისრისა და ზურგის არეში დაწოლა იყო.
ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია დერეკ შოვინი, რომელსაც მესამე ხარისხის მკვლელობასა და არაგანზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ის სასამართლოში 8 ივნისს წარდგება.