პენტაგონის წარმომადგენელი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი რაკეტა ისროლა და ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 95 პროცენტი შეიყვანა
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 600-ზე მეტი რაკეტა ისროლა და ქვეყნის ტერიტორიაზე საზღვრებთან მობილიზებული ჯარების 95 პროცენტი შეიყვანა – ამის შესახებ სატელეფონო კონფერენციის დროს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
„რუსეთსა და ბელარუსში უკრაინის საზღვრის გასწვრივ მანამდე დისლოცირებული 170 000-მდე ჯარისკაციდან, დაახლოებით 95 პროცენტი ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა“, – განაცხადა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
პენტაგონის ინფორმაციით, მათ ვერ შეამჩნიეს რუსული ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლა, კიევის მახლობლად 64-კილომეტრიანი კოლონა კი ისევ უძრავად დგას.
აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ოდესაში რუსული საზღვაო დესანტის გადასხმის ნიშნები არ არის, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები კვლავ ვერ აკონტროლებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს, ამავდროულად, ორივე მხარემ განიცადა საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების დანაკარგები.