პენტაგონის ცნობით, ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმებისას 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმების დროს 20 ამერიკელი სამხედრო დაშავდა, ინფორმაციას „NBC News“-ი ავრცელებს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა, მაგრამ დაშავებულთა რაოდენობა მანამდე არ გახმაურებულა.
პენტაგონის პრესმდივანმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით აშშ-ს თავს დაესხნენ, სულ მცირე, ათჯერ ერაყში და სამჯერ სირიაში.
რაიდერის თქმით, დაჯგუფებებს, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს, მხარს უჭერს ირანი.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის უფრო მნიშვნელოვანი ესკალაციის პერსპექტივა აშშ-ის ძალებისა და პერსონალის წინააღმდეგ რეგიონში, რომელიც მოდის ირანის მარიონეტული ძალებისგან და, საბოლოოდ, ირანისგან. ჩვენ ყოველთვის ვიტოვებთ უფლებას, დავიცვათ საკუთარი თავი და არასდროს მოგვერიდება ზომების მიღება, როცა საჭიროა ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ“, – განაცხადა რაიდერმა.