პენტაგონის ცნობით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაშინგტონში ორდღიანი სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართა
აშშ-ისა და ჩინეთის სამხედროებს შორის ვაშინგტონში ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
სამხედროებს შორის კომუნიკაციის აღდგენაზე ნოემბრის ბოლოს სი ძინპინი და ჯო ბაიდენი ორმხრივი შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ. პეკინმა ვაშინგტონთან სამხედრო კავშირები 2022 წლის აგვისტოში ტაივანში წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გამო გაწყვიტა.
პენტაგონის ცნობით, აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების მე-17 რაუნდში ჩინეთის, ტაივანისა და მონღოლეთის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწე მაიკ ჩეიზი და ჩინეთის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ცენტრალური სამხედრო კომისიის დირექტორის მოადგილე სონგ იანჩაო მონაწილეობდნენ.
პენტაგონის განცხადებით, ორმა მხარემ განიხილა აშშ-ჩინეთის თავდაცვითი ურთიერთობები, რა დროსაც ჩეიზმა ხაზი გაუსვა სამხედროებს შორის კომუნიკაციების ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული კონკურენციის კონფლიქტში გადაზრდა.
თავის მხრივ, ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთს სურს სამხედროებს შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება. უწყებამ მოუწოდა აშშ-ს, შეწყვიტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პროვოკაციული ქმედებები, დაიცვას „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და შეწყვიტოს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ონლაინშეხვედრა გამართა ჩინელ კოლეგასთან, გენერალ ლიუ ჩჟენლისთან.