რუსეთისგან და ჩინეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, პენტაგონი კონგრესისგან 80 მილიარდით მეტი, საერთო ჯამში, 686 მილიარდიანი ბიუჯეტის დამტკიცებას ითხოვს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში თავდაცვისთვის გამოყოფილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიუჯეტი იქნება.
სამი კვირის წინ გამოქვეყნებულ აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში წერია, რომ ჩინეთი აზიაში ჰეგემონიის დამყარებას ცდილობს, რუსეთი კი თავისი პოლიტიკით მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს არღვევს. პენტაგონის მზარდი ბიუჯეტიც სწორედ ამ სტრატეგიას უკავშირდება.
გაზრდილი ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს დამატებით 82 ანტისარაკეტო კომპლექსის (THAAD – Terminal High Altitude Area Defense) განლაგებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მსგავსი კომპლექსი შარშან სამხრეთ კორეაში განლაგდა, რასაც ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება 2023 წლისთვის სამხედრო კონტიგენტის 25 ათას 900 ჯარისკაცით გაზრდასაც გეგმავს. მათ შორის იქნებიან, როგორც სამხედრო მფრინავები, ასევე კიბერუსაფრთხოების ექსპერტები. ამავდროულად, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 2019 წლიდან 2,6%-ით გაიზრდება. 2010 წლის შემდეგ სამხედრო პირების წლიური შემოსავალი ასეთი მაღალი მაჩვენებლით არ გაზრდილა.