პენტაგონის 10 ყოფილი მეთაური საარჩევნო დავაში სამხედროების ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა
პენტაგონის 10 ყოფილი მეთაური საარჩევნო დავაში სამხედროების ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა, – ამის შესახებ 10 ყოფილი მაღალჩინოსანი ღია წერილში აცხადებს, რომელსაც ხელს აწერენ ჯეიმს მეტისი, მარკ ესპერი, ლეონ პანეტა, დონალდ რამსფელდი, დიკ ჩეინი და სხვები.
„არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩართვის მცდელობა სახიფათოა და კანონისა და კონსტიტუციის დარღვევისკენ გვიბიძგებს. სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელიც ამ მცდელობას ხორცს შეასხამს, პასუხის გაცემა მოუწევს საკუთარ ქმედებებზე. მათ ასევე დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა“, – ნათქვამია ყოფილი მაღალჩინოსნების წერილში.
როგორც თავდაცვის ყოფილი მდივნები წერენ, „არჩევნების გასაჩივრების დრო დასრულდა და ახლა შედეგების შეჯამების დროა“.
წერილის ბოლოს ისინი მოუწოდებენ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, თავი შეიკავოს „ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებებისგან, რომელიც საეჭვოდ მიიჩნევს არჩევნების შედეგს და ახალი ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების გადაცემის პროცესს დააზიანებს“.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს ამ დრომდე არ უღიარებია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.