პენტაგონი - უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაში ნატო-ს მონაწილეობა ომში ჩათრევას ნიშნავს
უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაში ნატო-ს მონაწილეობა „ომში ჩათრევას“ ნიშნავს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
სინგს ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომელმაც მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვაში დახმარებისკენ მოუწოდა ისევე, როგორც აშშ დაეხმარა ისრაელს ირანის სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაში პირველ ოქტომბერს.
პენტაგონის პრესმდივანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ საქმე ეხება „ორ უკიდურესად განსხვავებულ საბრძოლო ველს“.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდანვე დაავალა პენტაგონს უკრაინისთვის მიეწოდებინა ყველაფერი, რაც მას საბრძოლო ველზე სჭირდება. მათ ძალიან წარმატებით გამოიყენეს საჰაერო თავდაცვის და სხვა საშუალებები თავიანთი ტერიტორიების დასაბრუნებლად“,- განაცხადა სინგმა და გაიხსენა ჯო ბაიდენის სიტყვები, რომ აშშ არ გაგზავნის თავის ჯარებს უკრაინაში.
ამასთან, საბრინა სინგს ჰკითხეს, ჩაითვლება თუ არა ომში ჩარევად რუსული რაკეტების ჩამოგდება პოლონეთის ან რუმინეთის – ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიიდან, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ეს ნიშნავს ჩვენს ომში ჩათრევას სხვა გზით“.
„ამჟამად ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინა წარმატებით იცავდა და იცავს თავს რუსული მხარის მიერ განხორციელებული დარტყმებისგან მათ ქალაქებზე, მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ კვლავაც უზრუნველვყოფთ, რომ მათ ჰქონდეთ ამისთვის საჭირო მხარდაჭერა“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.