პენტაგონი - პეტრო პოროშენკოს განცხადება შეიარაღების გადაცემის თაობაზე ნაადრევია
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას უახლოეს კვირებში შეიარაღების პირველი პარტიის გადაცემასთან დაკავშირებით, ნაადრევად მიიჩნევს. პენტაგონში აცხადებენ, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ როდის მოხდება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა.
გუშინ პრესკონფერენციაზე პეტრო პოროშენკომ 2018 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-ისგან იარაღის პირველ პარტიას რამდენიმე კვირაში მიიღებს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ იარაღის მიღების შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
როგორც პოროშენკომ აღნიშნა, პირველ რიგში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აშშ-ისგან ანტისნაიპერულ კომპლექსებს მიიღებს, რადგან დონბასში ბევრი უკრაინელი სამხედრო სწორედ სნაიპერის იარაღით იღუპება.
„ეს დაგვეხმარება მსხვერპლთა რიცხვის შემცირებაში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინა ამერიკიდან მრავალი სხვა სახის იარაღის მიღებასაც ელოდება.