პენტაგონი - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, „ჰუსიტების“ 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს
პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში, „ჰუსიტების“ 18 ობიექტზე დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, ეს არის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იერიშების მეოთხე სერია წითელ ზღვაში მათ მიერ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. დარტყმები მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.
აშშ აცხადებს, რომ დარტყმები მიმართული იყო საწყობების, თვითმფრინავების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, რადარებისა და სათვალთვალო ვერტმფრენის წინააღმდეგ.
ერთობლივ განცხადებაში პენტაგონმა თქვა, რომ „აუცილებელი და პროპორციული დარტყმები კონკრეტულად მიზნად ისახავდა „ჰუსიტების“ 18 სამიზნეს რვა ადგილას, რომლებიც დაკავშირებულია „ჰუსიტების“ მიწისქვეშა იარაღის საწყობებთან, რაკეტების შესანახ ობიექტებთან, უპილოტო საჰაერო სისტემებთან, საჰაერო თავდაცვის სისტემებთან, რადარებთან და ვერტმფრენთან“.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ „არ დააყოვნებს საჭიროებისამებრ მიიღოს ზომები, რათა დაიცვას სიცოცხლე და თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოში”.