პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივა წარადგინა, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
დეპუტატის განმარტებით, კანონში გაწერილ გამონაკლისთა ჩამონათვალს უნდა დაემატოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საქმიანობა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ანაზღაურებასთან ერთად, პენსიაც მიიღონ.
აკაკი ზოიძემ კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 11 პედაგოგს, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში დამატებით საქმიანობას ეწეოდნენ, აღნიშნული თვეების განმავლობაში პენსია შეუჩერდათ. ზოიძე მოითხოვს, რომ ამ თვეების განმავლობაში დაგროვილი პენსია პედაგოგებს დაუბრუნდეთ.
„ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით რომელიმე საჯარო დაწესებულების მიერ ანაზღაურებული, იყოს გამონაკლისის წესის სახით საპენსიო კანონში შეტანილი, რათა ერთდროულად ჰქონდეთ ანაზღაურებისა და პენსიის მიღების უფლება. ეს დღეს საჯარო მოხელეს არ აქვს, პედაგოგების გარდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე არის გმირი, მათთვის ნებისმიერი სახის დამატებითი ანაზღაურება და სარგებელი, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებენ, ჩვენი აზრით, წინასწარვე დამსახურებულია. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ ადამიანებმა იქ გააგრძელონ საქმიანობა და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება“, – განაცხადა ზოიძემ.
აღნიშნული საკითხის განხილვა თემაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით გადაიდო.