პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით გაიცემა
პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შემცირდეს რიგები, მობილობა და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი.
„მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა არ არის საკმარისი. ჩვენი ზრუნვის საგანია ღვაწლმოსილი მოხუცები, პენსიონერები და აქაც გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში. ეს საბანკო ფილიალებში, განსაკუთრებით ლიბერთი ბანკის ფილიალებში, მუდმივად საკმაოდ მაღალი დისკომფორტის საბაბი იყო.
თუმცა, პანდემიის პირობებში ეს დისკომფორტის გარდა არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ და ყველამ კარგად ვიცით, რომ მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი, ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ და ვერ იქნება.
შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, თანმიმდევრულად, წყნარად, მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთერბით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემასა და ზრუნვას ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.