პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ობიექტურობასთან ახლოს მისვლა თუ გვინდა, გაუგებარია, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის უარი კვლევის ჩატარებაზე
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სააკაშვილს, 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას. მისი თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.
როგორც ურთქმელიძემ აღნიშნა, MAYO CLINIC ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოეს ამერიკულ ლაბორატორიაში.
მისივე ინფორმაციით, ასევე, DOCTOR’S DATA ლაბორატორიის მაჩვენებლების თანახმად, სააკაშვილის თმაში ნანახი პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
„მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.
მისივე განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, რომ იყო მოწამვლა, მით უმეტეს, პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე აბსურდული კი არა, სასაცილოა და ამან უკვე გროტესკული ფორმა მიიღო.
„ჩვენ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე ზღვარს ზევითაა. არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი, არ დასტურდება“, − აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.
მისივე განცხადებით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს თავად მსჯავრდებული ნიმუშების მიცემაზე.
ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას.
„რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რაიმე − რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება, თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი − ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს არის ნამდვილად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ.
ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.