პენიტენციური სამსახური - სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფი შევიდა
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო №12 პენიტენციურ დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შევიდა, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ იმ დროს, როდესაც ბრალდებული/მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა ვიზიტორებს, №16 დაწესებულებაში, რომელიც მდებარეობს №12 დაწესებულების მომიჯნავედ, მიმდინარეობდა გეგმური რევაქცინაციის პროცესი.
„განვმარტავთ, რომ აღნიშნული დაწესებულებების ცენტრალური შესასვლელი არის ერთი ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ ფაქტის გამოყენება სურდათ გარკვეულ მედიასაშუალებებს მორიგი არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის დაწესებულებაში დილიდან ხვდება ვიზიტორებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.