პენიტენციური სამსახური - მოშიმშილე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას გადაადგილება არ შეუძლია
პენიტენციური სამსახური - მოშიმშილე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას გადაადგილება არ შეუძლია

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოშიმშილე ბრალდებულის, შ.ჯ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მას გადადგილება არ შეუძლია.

ამასთან, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი, ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ოთხი პირი შიმშილობს. უწყების ცნობით, ისინი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმებიან და პროტესტის ნიშნად აქვთ შიმშილობა გამოცხადებული.

„სამმა ბრალდებულმა – გ.კ, დ.უ, და ო.უ. 2020 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა შიმშილობა, ხოლო მეოთხე ბრალდებულმა შ.ჯ.-მ შიმშილობა 2019 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. მოშიმშილე პატიმრებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

რაც შეეხება ბრალდებულ შ.ჯ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, მდგომარეობა სტაბილურია. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებული ისე ცუდად არის, რომ ფეხზე ვერ დგება. მართალია, შ.ჯ.-ს აქვს შიმშილობით გამოწვეული სისუსტე, მაგრამ იგი გადაადგილდება დამოუკიდებლად. ბრალდებული იმყოფება მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და ყოველდღიურად ხორციელდება სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი. წნევა მერყეობს 110-70/90-60 ფარგლებში, ხოლო პულსი 72-ის ფარგლებში. შეთავაზებულ ინფუზიოთერაპიაზე ბრალდებული უარს აცხადებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ადვოკატებმა, როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა განაცხადეს, რომ ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოთხი პატიმარი შიმშილობს. მათი ინფორმაციით, აქედან ერთ-ერთი თვეზე მეტია, შიმშილობს, რის გამოც, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.