პენიტენციური სამსახური - გეგუთის ციხეში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა
N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში ინტენსიური PCR-ტესტირების ფარგლებში, „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლინდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დაწესებულებაში 31 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.
ამ ეტაპზე N14 დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეში 14 მსჯავრდებული რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტირებისა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სასჯელის მოხდის ადგილზე დაბრუნდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრების განცალკევება ინფიცირების შემთხვევების გამოვლენისთანავე ხდება. ასევე, პატიმრები PCR-ტესტის საშუალებით თვეში ორჯერ იტესტებიან.
ინფორმაციისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით, ამ დრომდე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე N14 (გეგუთის) პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა 55% უკვე ვაქცინირებულია.