პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჩიდრაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.