პენიტენციურ დაწესებულებებში ორშაბათიდან პატიმრებთან ხანმოკლე პაემნები განახლდება
პენიტენციურ დაწესებულებებში ორშაბათიდან პატიმრებთან ხანმოკლე პაემნები განახლდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ხანმოკლე პაემნები წარიმართება მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში.
„მინდა, უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათ დილიდან უკვე შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებსაც როგორც პატიმრები, ისე მათ ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა, ელოდებიან. ძალიან მნშვნელოვანია, რომ გარესამყაროსთან და ოჯახთან მსჯავდებულების კონტაქტი რაც შეიძლება მალე აღდგეს და იმ ბრალდებულების, ვისაც ამის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით.
თავისებურებები დარჩება ძალაში, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი საბოლოოდ დამარცხებულია. პრევენციული ზომები პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც იყო აქამდე. ორშაბათიდან ხანმოკლე, მოკლე ვადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში და ასევე, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, შეუფერხებლად მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება, რომელიც რამდენიმე დღის წინ განახლდა.
„ამანათების მიღების საკითხი, როგორც იცით, იყო პირველი, რომელიც გაიხსნა. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. საკმაოდ დიდი ტალღა ამანათებისა და გზავნილების, რასაც მოველოდით, არ არის სახეზე. ვართ იმ ჩვეულებრივ რეჟიმში ამანათების მიღებისა, რომელშიც ვიყავით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. ეს გაგრძელდება და ამ სიახლეს შეღავათს ემატება, როგორც უკვე მოგახსენეთ, მოკლევადიანი პაემნებიც“, – აღნიშნა წულუკიანმა.