პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანი საგარეო გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მდგრადობა და ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდგომ, მაღალი ზრდის დინამიკა 2023 წელსაც გაგრძელდა − გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, მთლიანობაში პოსტპანდემიურ პერიოდში, 2021−2023 წლების საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი − 9.7%. მთავრობის ცნობით, 2023 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმთავრესად ხელი შეუწყო საინვესტიციო აქტივობის ზრდამ, რეალური ინვესტიციები 23%-ით გაიზარდა.
„სექტორების მიხედვით კი, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სხვადასხვა სერვისის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2024 წელი, ეკონომიკური ზრდის კუთხით, მნიშვნელოვნად პოზიტიური ტენდენციებით დაიწყო − პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.8% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024−2029 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2023 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა.
ისტორიულად მაღალი დასაქმებისა და უმუშევრობის მინიმალური დონის ფონზე, ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზრის ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართულებითაც. 2023 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა საგარეო მოწყვლადობის შემცირების კუთხითაც, რომლის ნათელი გამოვლინებაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, 2023 წლის მდგომარეობით, ის ისტორიულ მინიმუმზეა და 4.3%-ს შეადგენს.
2023 წელს მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებას ძირითადად ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ზრდამ, რაც დიდწილად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და კომპიუტერული, საინფორმაციო მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება. 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა და რეკორდული 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.3%-ით გაიზარდა (608.7 მლნ აშშ დოლარით) და ასევე რეკორდულ მოცულობას − 4.1 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, 2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით გადააჭარბა. 2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის გაორმაგების შემდეგ კვლავ გაიზარდა (1.5%-ით) და 808 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობის ინფორმაციით, მდგრად დონეზე ნარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და საქართველოს, მშპ-თან მიმართებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
„ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით ხუთი მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ქვეყანაში. 2023 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების რეკორდული ოდენობა 2022 წელს დაფიქსირდა და 2.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მოცულობა განპირობებული იყო სააქციო კაპიტალით, რაც ახალ ინვესტიციებს უკავშირდება, და ასევე, რეინვესტირებით. სავალო ვალდებულებები შემცირდა, რაც მიანიშნებს, რომ კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად უცხოური კაპიტალით დაფუძნებული კომპანიების მიერ დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სასესხო ვალდებულებების გასტუმრება ხორციელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა საშუალოდ 6.8%-ს შეადგენს, რაც საქართველოს შესადარი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მთავრობაში განმარტავენ, რომ გლობალურად მაღალი ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციის მოთოკვა.
„2023 წლის აპრილიდან ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-აპრილის საშუალო წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია და იგი 0.6%-ის დონეზე დაფიქსირდა. ინფლაციის დაბალმა დონემ შესაძლებელი გახადა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის დაწყება. 2023 წლის მაისიდან, შემცირებული ინფლაციის ფონზე, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თანდათანობით შემცირება დაიწყო და ეტაპობრივად 8.0%-მდე შეამცირა. ბოლო წლებში, არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. წამყვანი სარეიტინგო კომპანიების – Fitch, S&P, Moody’s-ის შეფასებით, საქართველომ რეიტინგი პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე შეინარჩუნა და კრიზისები რეიტინგის გაუარესების გარეშე დაძლია.
ამასთან, აღსანიშნია, რომ წინა წლის დასაწყისში Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ, ხოლო 2024 წლის დასაწყისში დაადასტურა პოზიტიური პერსპექტივა. 2024 წლის მარტში კი Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.