პეკინში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი, 27 დაკარგულად ითვლება
პეკინში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 11 ადამიანი, 27 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 127 ათასზე მეტი ადამიანი.
ტაიფუნმა „დოქსურიმ“ ჩრდილოეთ ჩინეთის ზოგიერთ რაიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია.
პეკინში ნიაღვარმა წაიღო ავტომობილები და გაანადგურა გზები. სტიქიამ ყველაზე მეტად ჩინეთის დედაქალაქის დასავლეთ შემოგარენი დააზარალა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.
ეს პეკინში ყველაზე ძლიერი შტორმია 2012 წლის შემდეგ, როდესაც წყალდიდობას დედაქალაქში 77 ადამიანი ემსხვერპლა.