პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მკვლელობებიდან 30 წელი გავიდა
პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მკვლელობებიდან 30 წელი გავიდა

პეკინში, ტიანანმენის მოედანზე 1989 წლის 4 ივნისს მომხდარი მკვლელობებიდან 30 წელი გავიდა.

​ჩინეთის არმიამ რამდენიმე ასეული, ზოგიერთი ცნობით კი რამდენიმე ათასი დემონსტრანტი მოკლა. ტიანანმენის მოედანზე ტრაგიკული მოვლენების შესახებ საუბრისას, ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვეი ფენგემ თქვა, რომ ცენტრალურმა მთავრობამ პოლიტიკური ტურბულენციის შესაჩერებლად სწორი პოლიტიკა აწარმოა.

1980-იან წლებში ჩინეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ კერძო კომპანიებსა და უცხოურ ინვესტიციებს გზა გაუხსნა. ჩინეთის ლიდერი დენ სიაოპინი ეკონომიკის გაძლიერებას და ცხოვრების დონის ამაღლებას იმედოვნებდა. პარალელურად, პრობლემატური საკითხი იყო კორუფცია. კომუნისტური პარტია ცვლილებების მომხრეებად და სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების მხარდამჭერებად გაიყო.

80-იანი წლების შუა პერიოდიდან, სტუდენტების აქციები დაიწყო. 1989 წლის 15 აპრილს დემონსტრანტი სტუდენტები პეკინის ტიანანმენის მოედანზე კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, ჰუ იაობანის დაღუპვასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. „ევრონიუსი“ წერს, რომ ჰუ იაობანი ჩინეთის უფრო ღია პოლიტიკური სისტემისთვის მუშაობდა და დემოკრატიული რეფორმების სიმბოლოდ იქცა.

ინფლაციით, კორუფციითა და პოლიტიკური შეზღუდვებით შეწუხებული სტუდენტები ტიანანმენის მოედანზე რამდენიმე კვირაში ისევ შეიკრიბნენ და პრესის და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ლიდერების აქტივების გასაჯაროება მოითხოვეს. სხვადასხვა მონაცემებით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ერთი თვის შემდეგ 100-ზე მეტმა სტუდენტმა მოედანზე შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმე დღეში კი, მათი რაოდენობა რამდენიმე ათასი გახდა. აქციის საპასუხოდ, 19 მაისს ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და აქციის დასაშლელად არმია გაგზავნა. ჯარისკაცები ქალაქის მთავარ მოედანზე 4 ივნისს გამოჩნდნენ და დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არასდროს გამჟღავნებულა.

​საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩინეთის მთავრობის მოქმედება დაგმო და დასავლეთის ქვეყნებმა პეკინს ემბარგო დაუწესეს. პარალელურად, აზიის ბევრმა ქვეყანამ პროტესტის დროს დუმილი შეინარჩუნა.​

შაო ძიანი, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, სააგენტო „როიტერთან“ ამბობს, რომ ვითარება ჩინეთში 1989 წელთან შედარებით გაუარესებულია, რადგან მთავრობამ ქვეყანა ციხედ აქცია. შაო ძიანის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლება აქტივისტებს და უფლებადამცველებს დევნის, ცენზურას აძლიერებს და მოსახლეობის კონტროლისთვის მაღალტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს.
2017 წელს, ბრიტანეთში გამოქვეყნდა დოკუმენტები, სადაც ჩინეთში ბრიტანეთის ელჩი სერ ალან დონალდი ამბობს, რომ ტიანანმენის მოვლენების დროს 10 ათასი ადამიანი დაიღუპა.