პეკინში საქართველოსა და ჩინეთის პარლამენტების განათლების კომიტეტების შეხვედრა გაიმართა
ჩინეთში, ქალაქ პეკინში გაიმართა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის ივლისში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებასა და ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაზე.
მთავარ განსახილველ საკითხად კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან განხილულ იქნა ორ ქვეყანაში გაცემული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ურთიერთაღიარება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დიპლომების გაცემის ხელშეწყობა.
ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ლუო შუკანგის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული დელეგაციის ვიზიტს.
გამოითქვა სრული მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს გივი მიქანაძემ ჩინელი კოლეგა კომიტეტის წევრებსა და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოში მოიწვია.
ვიზიტის სავარაუდო პერიოდად 2024 წლის პირველი ნახევარი განისაზღვრა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში წარმოდგენილი არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე,
დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.