პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა
პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მამაკაცი მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა

თბილისში, პეკინის გამზირზე, ტექნიკის მაღაზიაში მომხდართან დაკავშირებით მამაკაცი პოლიციამ მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული ნ. რ. მძევლად ხელში ჩაგდებისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „112“-დან შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.რ. მიმდინარე წლის 26 ივნისს, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „აიპლიუსში“ (iplus) შეიჭრა, რის შემდეგაც, გამყიდველს – თ. კ.-ს ძალადობის და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფული და ტელეფონი მოსთხოვა. ბრალდებულმა დააზიანა მაღაზიის ინვენტარი და გასაყიდი საქონელი. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნ.რ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს სსკ-ს 144-ე და 187-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.