პეკინის ოლიმპიადაზე, ჰოკეიში ფინალისტები გამოვლინდნენ. 20 თებერვალს ოლიმპიური ოქროს მედლისთვის რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს გაიმართა ორი ნახევარფინალური შეხვედრა. პირველ დაპირისპირებაში ფინეთის ეროვნულმა გუნდმა სლოვაკეთი 2:0 დაამარცხა. ტურნირზე ნაჩვენები კარგი თამაშიდან გამომდინარე, სკანდინავიელები ფინალში დამსახურებულად გავიდნენ.
მეორე შეხვედრა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდსა და შვედეთის გუნდს შორის ძალიან დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებული ბულიტების სერიით გამოვლინდა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, გუნდებმა დამატებითი შაიბის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ რვა-რვა შესრულებული ბულიტის შემდეგ ფინალის საგზური რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადის ჰოკეის ქალთა ტურნირის გამარჯვებული კანადის ეროვნული გუნდი გახდა.