პედრო სანჩესი - ნატო-ს მადრიდის სამიტზე განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში
ნატო-ს მადრიდის სამიტზე განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში, – ეს განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, მთავარი მიზანი არის ერთიანობის ჩვენება ნატო-ში და მის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ევროკავშირში და ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„ეს არის გზავნილი, რომ ჩვენ ერთიანები ვართ დემოკრატიის დასაცავად და იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს – თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ასევე წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა. როდესაც ვსაუბრობთ წესებზე, ვსაუბრობთ გაერო-ს ქარტიაზე და ვაშინგტონის ხელშეკრულებაზე, რომლიც განსაზღვრავს ყველაზე მნიშვნელოვან ალიანსს.
ესპანეთისთვის ამ სამიტის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია, რადგან აქ მივიღებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატო-სთვის, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 10 წელიწადში ნატო-ს ქმედებებს და მას მადრიდის სახელი ერქმევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მეორე საკითხი ის არის, რომ ჩვენ ველოდებით, როგორ დასრულდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოლაპარაკებები ახალი წევრების, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. ვუსურვებთ გენერალურ მდივანს წარმატებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დღეს თუ არ მოხდება, მაშინ მოხდება მოგვიანებით და ისინი გახდებიან ნატო-ს წევრები. და მესამე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვხდებით ნატო-ს ახალი სტრატეგიის მონაწილეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის სამხრეთისთვის. ეს არის სტრატეგია 360 გრადუსი, რაც მოიცავს სამხრეთ ფლანგს, როგორც ელემენტს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომდევნო თვეებში. განსაკუთრებით საჰელის რეგიონში. ამ სამიტზე ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში. ასევე განვსაზღვრავთ სპეციფიკურად იმ რესურსებს, რომელიც გვაქვს ამ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ გამოვიყენებთ მათ. ამასთან, მოვახდენთ ალიანსის კონსოლიდაციას. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ახლა და მომავალშიც“, – განაცხადა სანჩესმა.