პედრო სანჩესი - გვსურს, მივაღწიოთ უფრო ძლიერ და მეტად ინტეგრირებულ ევროპას, რადგან საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება
გვსურს, მივაღწიოთ უფრო ძლიერ და მეტად ინტეგრირებულ ევროპას, რადგან საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა დავოსში განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება.
სანჩესის თქმით, ესპანეთმა გასულ წელს ნებაყოფლობით შეამცირა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება, წვლილი შეიტანა ევროპული მომარაგების უსაფრთხოებაში ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის გაზრდით. მისივე განმარტებით, ესპანეთი ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩემმა ქვეყანამ გასულ წელს ნებაყოფლობით შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება 7.5 პროცენტით, ჩვენს ისტორიულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოხმარება კი – 23 პროცენტით. ჩვენ წვლილი შევიტანეთ ევროპული მომარაგების უსაფრთხოებაში ევროკავშირში ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის გაზრდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგებით საზღვარგარეთიდან, ასევე მზის ენერგიის წარმოების 33 პროცენტით გაზრდით, გასულ წელთან შედარებით.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერას. ჩვენ ამას გავაკეთებთ ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობით, სამართლიანი კონკურენციით, სუფთა ენერგიით. 2023 წელს ჩვენ გავზრდით განახლებადი ენერგიის წარმოებას. ჩვენ გვექნება პროგრესი პირველი სუფთა ჰიდროგენული მილსადენის მშენებლობაში ბარსელონიდან მარსელამდე. ჩვენ დავიწყებთ მწვანე მეთანოლის ორი მეგასადგურის მშენებლობას, რაც შექმნის 85 000 სამუშაო ადგილს. ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ უფრო ძლიერ და მეტად ინტეგრირებულ ევროპას, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს არის საერთო გამოწვევები, რომელსაც საერთო პასუხები სჭირდება.
ჩვენ კანადაში მოვიწვევთ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი იდეა, რომ გავაზიაროთ სტრატეგიები, მოსაზრებები, რათა შევქმნათ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სინერგია. ვფიქრობ, ევროპას აქვს უამრავი შესაძლებლობა ამ ძალიან რთულ დროს და საჭიროა, ვიყოთ ამბიციურები“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.