პედრო სანჩესი - ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება გაგვაძლიერებს, კარს გაუხსნის ორი მნიშვნელოვანი დემოკრატიის მიღებას ჩვენს ალიანსში
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ესპანეთში, ნატო-ს მადრიდის სამიტის მონაწილეებს მიესალმა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ორი დღის განმავლობაში ნატო მიიღებს, განსაზღვრავს ალიანსის წესრიგს მომდევნო ათწლეულში.
მისივე თქმით, ახლა ალიანსის გაძლიერების დროა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ნატო-ს 30 მოკავშირეს და მის პარტნიორებს, ევროპულ ინსტიტუტებს. უფრო მეტიც, დამატებით შვიდი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში წლევანდელი სამიტის ფარგლებში. ამ საღამოს ასევე ჩვენთან ერთად იქნებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვებს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო ორი დღის განმავლობაში მივიღებთ, განსაზღვრავს ჩვენი ალიანსის წესრიგს მომდევნო ათწლეულში. ასევე ჩვენს შესაძლებლობებს და საშუალებებს, რომ წარმატებულად გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
პედრო სანჩესმა ფინეთსა და შვედეთს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გუშინ მიღწეული შეთანხმება მიულოცა.
„ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერების დროა. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და მივულოცო თურქეთისა და ფინეთის პრეზიდენტებს, შვედეთის პრემიერ-მინისტრს გუშინ მიღწეული შეთანხმება. ეს გაუხსნის კარს ორი მნიშვნელოვანი დემოკრატიის მიღებას ჩვენს ალიანსში. ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ გაგვაძლიერებს. მსოფლიო გვიყურებს და მოდით, ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა და ერთსულოვნება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.