პედრო სანჩესი აცხადებს, რომ სი ძინპინს შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისკენ მოუწოდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აცხადებს, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრისას მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ სანჩესმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პედრო სანჩესმა აღნიშნა, მან სი ძინპინთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო და ასევე განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ნოემბერში წარდგენილ მშვიდობის ფორმულას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას 2014 წლამდე მდგომარეობით.
„მჯერა, ეს არის გეგმა, რომელიც საფუძველს უდებს ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში და სრულყოფილად შეესაბამება გაერო-ს ქარტიას, მის პრინციპებს, რომლებიც დაარღვია პუტინმა თავისი ინტერვენციით“, – განაცხადა სანჩესმა.
ამასთან, ესპანეთის პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა უპასუხა მას ჩინეთის ლიდერმა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჩინეთმა წარმოადგინა უკრაინაში მშვიდობის თავისი ხედვა, რომელიც 12 პუნქტს მოიცავს.