ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, სკანდალურად ცნობილი პედრო აგრამუნტი ორგანიზაციას ტოვებს. ამის მიზეზი მის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციებია.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საუბარია დეპუტატებზე, რომელთა სახელებიც დამოუკიდებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ფიგურირებს. დოკუმენტის ავტორები საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთ წევრს კორუფციაში სდებენ ბრალს. გამოძიების მიხედვით, ძირითადად, საუბარია აზერბაიჯანის მთავრობისგან ქრთამის მიღების შემთხვევებზე. დასჯილებს შორის იყო პედრო აგრამუნტიც, რომელსაც სანქციები ათი წლის ვადით დაუწესდა .
დეპუტატები, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ, ვეღარ დაიკავებენ მაღალ თანამდებობას, ვერ მოამზადებენ ანგარიშებს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ვითარების შესახებ და ვერ დააკვირდებიან არჩევნებს.აღნიშნულ დეპუტატებს აეკრძალებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ან კომიტეტების სახელით განცხადებების გაკეთება, ან რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობა. ისინი ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში.