პავლო როზენკო - ხურვალეთში არსებული ვითარება ნათელი მაგალითია, რომ ერთი ადამიანის ავადმყოფური ამბიციის გამო, იტანჯება ხალხი
უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
პავლო როზენკოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გააცნო საოკუპაციო ზოლში შექმნილი ვითარება. პავლო როზენკო მავთულხლართების მეორე მხარეს მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრა და მიიღო ინფორმაცია ყველა იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების დროს ადგილობრივებს ექმნება.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა რუსეთი არასტაბილურობის წყაროდ დაასახელა მსოფლიოში.
“ხურვალეთში არსებული ვითარება ნათელი მაგალითია, რომ ერთი ადამიანის ავადმყოფური ამბიციის გამო, იტანჯება ხალხი. უკრაინაში კიდევ უარესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან ასეთ ხაზთან მიახლოება შეუძლებელია საომარი მოქმედებების გამო. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ უკრაინის ბორდერიზაცია. სანქციები უნდა გაგრძელდეს რუსეთის მიმართ. თუ ვინმეს გონია, რომ სანქციები არაეფექტურია, ეს სწორი არ არის. სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტი ზეწოლაა საჭირო”, – განაცხადა საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ხურვალეთამდე უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალური საწარმო დაათვალიერეს.