ბელარუსში აგვისტოში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარება იძაბება. დაკავებულია პრეზიდენტობის ერთ-ერთი მსურველი, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორც უფლებადამცველები იუწყებიან, მინსკსა და სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მომიტინგეები „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი უფროსისა და პრეზიდენტობის მსურველის, ვიქტორ ბაბარიკოსა და მისი ვაჟის დაკავებას აპროტესტებდნენ.
ბაბარიკოს დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმა, ხოლო ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა.
ბელარუსში შექმნილ მდგომარეობაზე საქართველოს პირველი არხი პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელ პაველ უსოვს ესაუბრა.
– როგორ შეაფასებდით ბელარუსში წინასაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვგულისხმობ ვიქტორ ბაბარიკოს დაკავებასა და საპროტესტო აქციებს…
– ხელისუფლება ბელარუსის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობაზე ხისტად რეაგირებს. ეს აქტივობა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერად გადაიქცა. საუბარი მაქვს იმ კანდიდატებზე, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას და პერსონალურად ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუპირისპირდნენ. ეს იქცა საფრთხედ სისტემისთვის და ლუკაშენკოსთვის, რომელმაც პირადად გასცა ბრძანება, გაეწმინდა პოლიტიკური ველი ძირითადი კონკურენტებისგან და იმ ადამიანებისგან, რომელთაც შეეძლოთ უკმაყოფილო ხალხის მობილიზება და მასობრივი აქციების ორგანიზება. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მინსკშიც. ამ ფორმით ბელარუსი ხალხი პროტესტს გამოთქვამს საზოგადოებრივი გამოკითხვების ლიდერ, პრეზიდენტობის მსურველ ვიქტორ ბაბარიკოსა და ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის დაკავების გამო. ეს აქციები ასევე მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ ლუკაშენკომ მოსახლეობის ნდობა დაკარგა. ხელისუფლება დღეს წარმოშობილი საარჩევნო კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებას არ აპირებს. მთავრობა აამოქმედებს რეპრესიულ, ძალისმიერ მეთოდებს, რომლებიც უკვე გამოიყენეს, რათა ელექტორალური პროცესი სრულად გააკონტროლონ.
– ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს რამდენიმე კანდიდატს. როგორ შეაფასებდით მათ შანსებს?
– უკვე ცნობილია, რომ ვიქტორ ბაბარიკო, ამ მარათონის ძირითადი ფავორიტი, დაკავებულია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. მას კრიმინალური ჯგუფის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ადანაშაულებენ, ამიტომ იურიდიული ფორმულირებით მას არ დაარეგისტრირებენ. ასევე, არ დაარეგისტრირებენ სვეტლანა ტიხანოვსკაიას. იგი გახლავთ პატიმრობაში მყოფი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, რომელსაც ელექტორატის მობილიზება და ქუჩაში გაყვანა შეეძლო. რჩება რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ყველა მათგანი ე.წ. ყალბი კანდიდატია. არსებობს სამი კანდიდატი, რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას. ესენი არიან: ოლგა კოვალკოვა, იური გუბარევიჩი, რომელიც ასევე დააკავეს და 15-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ასევე, დიმიტრი კოზლოვი. ეს ადამიანები პროცესში საინფორმაციო კამპანიისთვის იყვნენ ჩართული. ისინი თავიდანვე გამორიცხავდნენ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას. რჩება სამი ყალბი კანდიდატი – ანა კანაპატსკაია, კვაზი ოპოზიციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანდრეი დმიტრიევი და სოციალ-დემოკრატი ჩერეჩინი. ისინი ამტკიცებენ, რომ 100 ათასი ხელმოწერა უკვე მოაგროვეს, რაც ეჭვს იწვევს, რადგან ამ რაოდენობით ხელმოწერების შეგროვება მოითხოვს კარგად ორგანიზებულ პოლიტიკურ სტრუქტურას, რაც ამ ადამიანებს, ცხადია, არ გააჩნიათ. ასევე, ამ ეტაპზე ამოუცნობ მოვლენად რჩება ვალერი ცეპკალოს ფიგურა. ეს გახლავთ ახალი ტექნოლოგიების პარკის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, აშშ-ში ბელარუსის ყოფილი ელჩი და ლუკაშენკოს ექსმრჩეველი. ცეპკალოს გამოსვლები და ქმედებები ყურადღებას იქცევდა და რამდენიმე ოპოზიციონერმაც დაუჭირა მხარი. თუმცა, საინტერესოა, რომ ცეპკალოს მიმართ ამ დრომდე რეპრესიები არ ამოქმედებულა. თუ ეს ადამიანი არის საფრთხე, მაშინ მასაც არ დაარეგისტრირებენ, მაგრამ ჯერ ამის წინაპირობა არ ჩანს. ჩემი აზრით, ცეპკალოს მიზანი იყო ვიქტორ ბაბარიკოს ამომრჩევლების ნაწილის გადაბირება და შესაძლოა, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მისცენ. ასეთ შემთხვევაში, ლუკაშენკო სრულად კონტროლირებადი კანდიდატების გარემოცვაში აღმოჩნდება.
– ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შეძლო დესტაბილიზაციის გეგმის ჩაშლა. მან ახსენა გარე ძალებიც. ასეთი გარე ჩარევები, განსაკუთრებით მოსკოვის მხრიდან, იგრძნობა? ბევრი ამბობს, რომ ვიქტორ ბაბარიკო არის მოსკოვის კანდიდატი…
– დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვს ყოველთვის და ნებისმიერ მომენტში შეუძლია სიტუაციის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. რუსეთი არასდროს იდგა განზე და ყოველთვის ერეოდა პროცესებში. ახლა ბელარუსი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ბოლო ერთ წელიწადში ბელარუსი რუსეთთან რამდენიმე ომში ჩაება. პირველ რიგში, ეს არის ინტეგრაციული, ასევე საინფორმაციო, პოლიტიკური და ეკონომიკური ომი. რუსეთმა ღიად დაასახელა მთავარი ამოცანა – ბელარუსთან ინტეგრაციის გაღრმავება. ამის მიღწევას ის ცდილობს ნებისმიერი მეთოდებითა და გზებით. ამიტომ იმის გამორიცხვა, რომ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატის უკან მოსკოვის ინტერესები იდგა, შეუძლებელია. გასათვალისწინებელია, რომ ვიქტორ ბაბარიკო 20 წელი „გაზპრომბანკის“ ბელარუსის ფილიალს ხელმძღვანელობდა. საუბარია „ბელგაზპრომბანკზე“. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველა ეს კორპორაციული სახელმწიფო სტრუქტურა არა „რბილი“, არამედ „ხისტი ძალის“ ინსტრუმენტია. ახლა ბელარუსი სერიოზულ საფრთხეშია. ის ფაქტი, რომ ბაბარიკო ხელმძღვანელობდა „ბელგაზპრომბანკს“, ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეების ფრთხილ დამოკიდებულებას იწვევდა, თუმცა მან შეძლო ელექტორატის იმ ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლუკაშენკოს აძლევდა ხმას, ვინც მხარს უჭერდა პრეზიდენტის ლოზუნგებს – რუსეთთან ინტეგრაციასა და მეგობრობას. შეიძლება, ითქვას, რომ ბაბარიკო ლუკაშენკოს მოდერნიზებული ვერსიაა, რომლის გზავნილები სრულად შეესაბამება ბელარუსი ხალხის მოლოდინებს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი შეიძლება, ლუკაშენკოს ჩანაცვლებით იყოს დაინტერესებული?
– რუსეთი დაინტერესებულია, ისეთი ზეწოლა მოახდინოს ლუკაშენკოზე, რომ ის იძულებული გახდეს, ხელი მოაწეროს მოსკოვის ყველა მოთხოვნასა და პროგრამას, პროექტს, ინტეგრაციის საგზაო რუკას. სწორედ ამისთვის შეიძლებოდა, გამოეყენებინათ ვიქტორ ბაბარიკო. ბევრს ჰქონდა იმედი, რომ კორონავირუსის, უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის, სირიაში სამხედროების გაგზავნის გამო, მოსკოვი უფრო ფრთხილად მოეკიდებოდა ბელარუსში არსებულ მდგომარეობას და დატოვებდა მას საკუთარი ინტერესების პერიფერიაზე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსის ხელისუფლებაში რადიკალური გეოპოლიტიკური ცვლილებები არ აღინიშნება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, ეს სიტუაცია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ლუკაშენკოს ქცევები და განცხადებები მიუთითებს, რომ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მან იცის საფრთხის შესახებ. სწორედ ამისთვის კეთდება ყველაფერი, რათა ბაბარიკო დაუკავშირონ „გაზპრომს“, რათა შემდეგ „გაზპრომი“ დაადანაშაულონ ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში. ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან ამ დრომდე დესტაბილიზაციაში და ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობაში მუდამ დასავლეთს ადანაშაულებდნენ. ახლა ლუკაშენკო ცდილობს, ბელარუსის მოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე ითამაშოს. პირველად ისტორიაში, ის ეძებს პრორუსული გავლენის აგენტს და ამის ხარჯზე ცდილობს, მოიპოვოს ეროვნულ-პატრიოტულად განწყობილი ელექტორატის მხარდაჭერა, მაგრამ ეს მექანიზმები უკვე არ მუშაობს.
– მინდა, გკითხოთ რეიტინგების შესახებ. ლუკაშენკოს ან მისი კონკურენტების მხარდაჭერის რეიტინგი ცნობილია?
– 2006 წლიდან ბელარუსში დამოუკიდებელი ორგანიზაციების მხრიდან სოციოლოგიური გამოკითხვები აკრძალულია. ხელისუფლებას ფაქტობრივად სრულად მონოპოლიზებული აქვს საინფორმაციო სივრცე. გამოკითხვების ჩატარება მხოლოდ მთავრობისა და შესაბამისი სტრუქტურების თანხმობით არის შესაძლებელი. ამიტომ გამოკითხვები ტარდება ინტერნეტით ხმის მიცემის გზით, სხვადასხვა პოპულარულ ვებგვერდებზე. იმის თქმა, რომ ეს გამოკითხვები სრულად ასახავს რეალობას, რთულია. სწორედ ასეთი გამოკითხვების მიხედვით, მაისის ბოლოს ლუკაშენკოს რეიტინგი სამი პროცენტი იყო. ამის შემდეგ, სოლიდური ჯარიმების მუქარით, ინტერნეტში პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგების დასადგენად გამოკითხვების ჩატარება აიკრძალა. ბელარუსში ერთადერთი პროვაიდერია და მას შეუძლია, ნებისმიერი ვებგვერდი დაბლოკოს. ასე რომ, ამ სივრცეს მთავრობა იოლად აკონტროლებს. მაგრამ, მთავარი, რასაც ახლა ვხედავთ, ელექტორატის მხარდაჭერის დაკარგვაა. საქმე ისაა, რომ ყველა ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, შეინარჩუნოს ელექტორატის მაღალი მხარდაჭერა. სულ მცირე 50 პროცენტზეა საუბარი. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლუკაშენკოს 50-პროცენტიანი მხარდაჭერა არ აქვს. ასე რომ, სისტემისთვის საარჩევნო კრიზისი დადგა. ამიტომ პრეზიდენტი ორიენტირებული იქნება ძალისმიერი მმართველობის მეთოდებზე.
– როგორ ფიქრობთ, ბელარუსში საპროტესტო აქციების გაგრძელება მოსალოდნელია?
– მთავრობა დასწრებაზე მოქმედებს. ამჟამად დაკავებული და დაპატიმრებულია ყველა ის პირი, რომელიც საპროტესტო აქციებთან ასოცირდება, მათ შორის არიან სტატკევიჩი, პაველ სევერინეცი. მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის დევნა, რომელთაც შეუძლიათ, მოუწოდონ მოქალაქეებს აქციების გამართვისკენ, ძირითადად ბლოგერები. ბოლო კვირის განმავლობაში თითქმის ყველა პოპულარული ბლოგერი დააკავეს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მოაგვარებს ბაბარიკოსა და მისი გუნდის საკითხს, ზეწოლა დაიწყება ჟურნალისტებზე. ხელისუფლება შეეცდება, ყველა იმ მედიასაშუალების დაბლოკვას, რომლითაც საპროტესტო განწყობების გაღვივება შეიძლება. ხმის მიცემის დღეს მთავრობა ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა აქციები არ ჩატარდეს. ის ყალბი კანდიდატები, რომლებიც დარჩებიან მარათონის მონაწილეებად, ქუჩაში მიტინგების ჩატარების მოწოდებით არ გამოვლენ. ერთ-ერთი მათგანი, ანდრეი დმიტრიევი უკვე ალაპარაკდა დიალოგისა და მშვიდობიანი ცვლილებების აუცილებლობაზე. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება სერიოზულ აქციებს არ დაუშვებს. ამასთან, ლუკაშენკო ამ ეტაპზე ცდილობს, შეინარჩუნოს დიალოგი აშშ-თან და ევროკავშირთან. ის ცდილობს, აჩვენოს, რომ ბაბარიკო არის რუსეთის კანდიდატი და მიტინგების მონაწილე სხვა კანდიდატებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული, მათ შორის, ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკიც, რომელიც მოსკოვში მუშაობდა. ამიტომ ახლა ვიხილავთ გააქტიურებული საზოგადოების მიმართ ჩუმი ჩახშობის მეთოდს – ე.წ. ხავერდოვან ტერორს.