პაველ კოვალი - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპულია საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, მუდამ ასე იყო, ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია, ისინი მონახავენ ევროპულ გზას
უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უკრაინასთან თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელმა, პაველ კოვალმა ჟურნალისტ მარია გორსკასთან ერთობლივ პოდკასტში განაცხადა.
პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება პოლიტიკური ევროპის უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე.
„საჭიროა პრაგმატული მიდგომა საქართველოს ახალ მთავრობასთან: მტკიცე და გადამწყვეტი ქმედებები მაშინ, თუ ცუდს გააკეთებენ; პოზიტიური რეაგირება, როცა რეალურ რეფორმებს განახორციელებენ. და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება, ის ხალხი, რომელიც მობილიზდა და რომელსაც ევროპული საქართველო უნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ქვეყანაა საზოგადოებრივი აზრის მიხედვით და მუდამ ასე იყო. ქართველებისთვის ევროპელობა იდენტობის არსია. მათ ორი რამე აქვთ: ევროპელობა და ღვინო. ქართველები მონახავენ ევროპულ გზას. საქართველო ევროპული თანამეგობრობის ნაწილია. შეუძლებელია ევროპის ისტორიის ნორმალური გაგება პოლიტიკური ევროპის სადღაც უკიდურესად აღმოსავლეთით მდებარე საქართველოს გარეშე“, – აღნიშნა პაველ კოვალმა.