პაველ კოვალი - როგორც ყველა ქარიზმატულ ლიდერს, სააკაშვილს მიაჩნდა, რომ მას ხალხი გაჰყვებოდა, რომ ციხესთან დადგებოდნენ და რევოლუცია მოხდებოდა
პაველ კოვალი - როგორც ყველა ქარიზმატულ ლიდერს, სააკაშვილს მიაჩნდა, რომ მას ხალხი გაჰყვებოდა, რომ ციხესთან დადგებოდნენ და რევოლუცია მოხდებოდა

საქართველოში შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ვერ ვხედავ სააკაშვილის როლს იმაში, რომ ის რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უკრაინასთან თანამშრომლობის საბჭოს ხელმძღვანელმა, პაველ კოვალმა ჟურნალისტ მარია გორსკასთან ერთობლივ პოდკასტში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ ხედავს სააკაშვილის როლს ყველაფერ იმაში, რაც დღეს საქართველოში ხდება, პაველ კოვალმა უპასუხა, რომ სააკაშვილს გათავისუფლება ეკუთვნის. მისივე თქმით, სააკაშვილმა არ დაიმსახურა ციხეში ჯდომა, თუმცა ქართული ოპოზიციური პოლიტიკა ახალი თაობის ხელში მოექცა.

„როგორც ყველა ქარიზმატულ ლიდერს, მას მიაჩნდა, რომ მას ხალხი გაჰყვებოდა; რომ ციხესთან დადგებოდნენ და რევოლუცია მოხდებოდა. შეიძლება, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ვერ ვხედავ სააკაშვილის როლს იმაში, რომ ის რევოლუციას სათავეში ჩაუდგეს. თუმცა პოლიტიკაში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან გამაოგნებელი რამეები ხდება. მათ, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი ვეღარ ითამაშებს როლს, ალბათ უნდა დაიტოვონ სხვადასხვა სცენარის განვითარების შესაძლებლობები“, – აღნიშნა პაველ კოვალმა.