პაველ იაბლონსკი - გვინდა, ბელარუსთან მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ ის მტრულად არის განწყობილი პოლონეთის მიმართ
ბელარუსი მტრულად არის განწყობილი პოლონეთის მიმართ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პაველ იაბლონსკი ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, რომლის მიხედვით, მან ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.
„ბელარუსს თუ სურს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს პოლონეთთან, ამის გზა ძალიან მარტივია: ჩვენს საზღვარზე თავდასხმების შეჩერება, ანდჟეი პოცობუტისა და სხვა პატიმრების გათავისუფლება, 1 000-ზე მეტი ადამიანი ბელარუსის ციხეებშია“, – განაცხადა პაველ იაბლონსკიმ.
მისივე თქმით, ეს არის მხოლოდ ბელარუსის ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების გადაწყვეტილებები.
„ჩვენ არ გვაქვს მტრული ზრახვები ბელორუსის მიმართ და არც არასდროს გვქონია. ჩვენ არ ვაპირებთ ცუდი ურთიერთობების შენარჩუნებას ბელარუსთან. პირიქით, გვინდა, მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ ბელარუსი მტრულად არის განწყობილი პოლონეთის მიმართ“, – აღნიშნა იაბლონსკიმ.
შეგახსენებთ, ლუკაშენკომ მანამდე განაცხადა, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.