პაველ ჰერჩინსკი - ყველა პოლიტიკურმა ძალამ უთანხმოება გვერდზე უნდა გადადოს და ითანამშრომლოს რეფორმებისთვის, კონსენსუსის არარსებობა ანელებს გაწევრიანების პროცესს
პარლამენტის როლი გადამწყვეტია 12 პრიორიტეტის და ამჟამინდელი ცხრა ნაბიჯის განხორციელებისას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, სერიოზულად შეხედონ ამ რეფორმებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ყველა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადოს და ითანამშრომლოს ამ რეფორმების განსახორციელებლად.
„ორიოდე სიტყვა საქართველოს პროცესზე. რაც შეეხება საქართველოს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია შარშანდელი 12 პრიორიტეტის და ამჟამინდელი ცხრა ნაბიჯის განხორციელებისას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, რომ ძალიან სერიოზულად შეხედონ ამ რეფორმებს. დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს სერიოზულად უდგებიან, უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ისინი, რომლებიც მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს განახორციელებენ. არ შეცდეთ. ეს რეფორმები უნდა იყოს ტრანსფორმაციული. არ დაივიწყოთ, რომ უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ცხრა ნაბიჯზე მუშაობა. საქართველოს შესახებ ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობის თითოეული თავისთვის რეკომენდაციებს ასახავს. რეკომენდაციები, რომლების შესასრულებლად ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ მუშაობას. ეს ანგარიში იძლევა პასუხებს, რა უნდა გააკეთოს საქართველომ მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში პროცესის თითოეულ სფეროში. რეკომენდაციები ხშირად მსგავსია – კანონის მიღება, საჭირო ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნა, სტრუქტურის დაკომპლექტება და განვითარება, შემდეგ კი კანონმდებლობის აღსრულება. ბევრ სფეროს დრო და დიდი ფინანსები სჭირდება. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო ადვილი იქნება. როდესაც წინ მიიწევთ და დაიწყებთ ევროკავშირის სტანდარტების გამოყენებას, შეგიძლიათ, მოიზიდოთ ინვესტიციები, მათ შორის კერძო სექტორის ინვესტიციები, რათა ხელი შეუწყოთ ქვეყანაში კეთილდღეობას და სტანდარტების განვითარებას. ინვესტორები აფასებენ სტაბილურობას, რომელიც ევროკავშირის წესების გამოყენებისა და ერთიან ბაზარზე ინტეგრაციასთან ერთად მოდის. რომ მომიწიოს ერთი ფაქტორის დასახელება, რომელიც დააჩქარებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და აშკარად ეფუძნება დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილებას, ეს იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ეროვნული კონსენსუსის განვითარება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადოს და ითანამშრომლოს ამ რეფორმების განსახორციელებლად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, ელჩის განმარტებით, გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობა ანელებს გაწევრიანების პროცესს.
„ევროკომისია მალე დაიწყებს საქართველოს და სხვა კანდიდატ ქვეყნებზე ანგარიშის მომზადებას, გასული წლის ივნისის შუა რიცხვებიდან ამა წლის ივნისის შუა რიცხვებამდე მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გაფართოების ყველა ქვეყანა, რომელიც აქ იმყოფება, მიაღწევს მნიშვნელოვან წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.