პაველ ჰერჩინსკი - ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი, აქვს თავისუფლება, ჩამოვიდეს საქართველოში, თავად წყვეტს, სად წავიდეს, რა ადგილებში
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი და თავად წყვეტს, სად წავიდეს.
პაველ ჰერჩინსკის კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის შესახებ.
„ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი არის ევროპარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მას აქვს თავისუფლება, ჩამოვიდეს საქართველოში. ის წყვეტს, სად წავიდეს, რა ადგილებში. ასე რომ, მე არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად პარტია „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციაზე დაკავებულის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მივიდა.