პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, ვინც უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით
ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირში გრძნობენ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ზონა უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რაც, მისივე თქმით, საქართველოსაც მოიცავს.
„ევროკავშირი არის ჭეშმარიტად წარმატებული მშვიდობიანი პროექტი. 70 წელზე მეტი დროის განმავლობაში ევროკავშირის საშუალებით ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა ყველა წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის ეს ზონა, ეს ოჯახი უნდა გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც აკაკუნებენ ჩვენს კარზე. ეს მოიცავს საქართველოს. ჩვენ მივიღეთ ძალიან რთული, მაგრამ მამაცი გადაწყვეტილება, მოგესალმოთ ევროკავშირში. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული პირობების შესაბამისად მოხდება. სამწუხაროდ, გასული წელი დაიკარგა. იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო მიახლოებოდა ევროკავშირს, მანძილი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, დააჩქარეს საჭირო რეფორმები. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ხელახლა დაიწყებს სამუშაოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
ივნისში ევროკავშირი საბჭომ, 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეაჩერონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა, განსაკუთრებით სხვა ქვეყნების კონტექსტში, რომლებმაც დააჩქარეს მათი გაწევრიანების პროცესი. ეს გადაწყვეტილება, შეჩერებულიყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მიღებული იყო როგორც შედეგი საქართველოში წინასწარ განზრახული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა და დამტკიცებული კანონებისა. ასე რომ, პრობლემა ბრიუსელში არ არის, არც ვაშინგტონში, პრობლემა და გამოსავალი არ არის კიევში, პრობლემაც და გამოსავალიც არის საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების, ქმედებებისა და განცხადებების შედეგია, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.
ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნა, რომელიც ერთი წლის წინ გვქონდა გაფართოების პირველ ანგარიშში, რომელიც შარშან ნოემბერში გამოქვეყნდა, იყო შემდეგი – გააჩერეთ ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები, უცნაური ნარატივები. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში ეს ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაცია არ შეჩერებულა. პირიქით, მე უნდა გაგიზიაროთ, რადგანაც აქ, თბილისში ვცხოვრობ და ვისმენ თქვენს ანგარიშებს. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ბოლო თვეებში გვაქვს შეჯიბრი, კონკურსი საქართველოს მთავრობის წევრებსა და მმართველი პარტიის წევრებს შორის, ევროკავშირს ყველაზე უკეთ ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დასვამს კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინ მიაყენებს შეურაცხყოფას. ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს მიუღებელია ქვეყნისგან, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.