პაველ ჰერჩინსკი - ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ნიშნავს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია
12 პრიორიტეტზე მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ წარადგინა ე.წ. ზეპირი მოხსენება, ევროკომისიის შეფასებით, 12-დან სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება დაჩქარება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, დამატებითი მუშაობაა საჭირო მედიის თავისუფლებისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებზე.
„ეს არის მედიის თავისუფლება და დეოლიგარქიზაცია. დარჩენილ შვიდ რეკომენდაციაზე არის გარკვეული პროგრესი, თუმცა მეტს ველოდებით. როგორც ხედავთ, სურათი ჭრელია, რაც ჩემი პერსპექტივიდან პოზიტიურია. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოსცემს გაფართოების შესახებ ანგარიშს ოქტომბერში და, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას 27 წევრი სახელმწიფოს მიერ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფო ლიდერების დონეზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე. ევროკავშირის გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ნიშნავს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია. რეკომენდაციების შესრულება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთიანობას და, ვფიქრობ, უდიდესი გამოწევა ყოველთვის იყო და არის ინკლუზიურობა მმართველი პარტიის მხრიდან და კონსტრუქციული მიდგომა ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ღონისძიება ტარდება, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიები, ისევე როგორც სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზიები, საუბრობენ, განიხილავენ და ცდილობენ, კონსტრუქციულად იპოვონ წინსვლის საუკეთესო გზა, როდესაც საუბარია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
პაველ ჰერჩინსკი დაესწრო კონფერენციას თემაზე – „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. ელჩის თქმით, შეხვედრაზე განსახილველი თემა მნიშვნელოვანია, რადგან ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევებს.
„შესანიშნავი შეხვედრაა დღეს, ეს არის კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმით. შეხვედრაზე განსახილველი თემა უკეთესი ვერ იქნებოდა, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის გამოწვევები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმართება, ეს არის ქართული პოლიტიკა საუკეთესო გამოვლინებით. ჩვენ გვყავს მმართველი პარტიის, ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე აქ არის სამოქალაქო საზოგადოების მრავალი ორგანიზაცია, რომლებიც ძალიან ღიად, გულწრფელად განიხილავენ საქართველოს წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას, კერძოდ – ევროკავშირის წევრობას. ასე რომ, ეს არის ძალიან არსებითი, ძალიან კონკრეტული დისკუსია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი არის ამ შეხვედრის მხარდამჭერი“, – განაცხადა ელჩმა.