პაველ ჰერჩინსკი - ვიცი, რომ ქართულმა მხარემ მჭიდრო ვადები დააწესა რეკომენდაციების შესრულებაზე, ვიმედოვნებთ, პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით
ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩმა უპასუხა კითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკომისიისგან მიღებულ რეკომენდაციებს. პაველ ჰერჩინსკის თქმით, შესრულების ნაწილზე საუბარი ჯერ ადრეა.
„ჯერ ზედმეტად ადრეა ამის თქმა. ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს. სამუშაო მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს ძალიან მჭიდრო ვადები დაუწესა. მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში გუშინაც, კვლავ წავალ პარლამენტში ხვალ. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვაკვირდებით ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, რომლებმაც ამ საერთო ძალისხმევაში ძალიან კონსტრუქციულად უნდა მიიღონ მონაწილეობა. ვისურვებდი, რომ თქვენი კითხვისთვის პასუხის გაცემა შემძლებოდა, თუმცა ჯერ ზედმეტად ადრეა, შეფასების პროცესი მოხდება მომავალ წელს. თავდაპირველად, მოხდება ევროკომისიის მიერ შეფასება ე.წ. გაფართოების პაკეტის ფარგლებში და შემდგომ, ამას ხელახლა განიხილავენ ევროპელი ლიდერები მომავალი წლის ბოლოსკენ. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯების შესახებ“, – განაცხადა ჰარჩინსკიმ.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს სასამართლო რეფორმაში, რაც 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს სასამართლო რეფორმებში. მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთია 12 რეკომენდაციას შორის. ასე რომ ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში იყოს ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი. ეს ყოველთვის იყო ევროკავშირის პოზიცია“, – აღნიშნა ელჩმა.