პაველ ჰერჩინსკი - ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება
პაველ ჰერჩინსკი - ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება

ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან – უზრუნველყოფენ, რომ არცერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, ის საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე დისკუსია საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე.

„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე დისკუსიის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას ეხება“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.